რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონის ჩამოვარდნა NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, მან უპასუხა: "გასული ღამის ინციდენტი მიეკუთვნება იმ ტიპის შემთხვევებს, რომლებიც ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის გამოყენება კოლექტიური გადაწყვეტილებაა. ეს იმ შესაძლებლობების განხილვის ნაწილია, რომლებიც ამჟამად გვაქვს... ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც რუმინეთს შეუძლია".
კითხვაზე, გაიმართება თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ამ ინციდენტთან დაკავშირებით და განიხილა თუ არა მან მსგავსი სხდომა პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან, ცოიუმ უპასუხა, რომ განხილვები მიმდინარეობს.
"პრეზიდენტმა დღეს უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადებები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებაც მის პასუხისმგებლობაშია. როგორც მე, ისე თავდაცვის მინისტრი მუდმივ კონტაქტში ვართ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და ჩვენ მოკავშირეებთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმაც მიიღო სრული ინფორმაცია" - განაცხადა ცოიუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხუთშაბათს რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, "როგორც რუმინეთის პასუხი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მოქმედებების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე".
კითხვაზე, დაიბარებენ თუ არა რუსეთის ელჩს დრონის ჩამოვარდნის შემთხვევის შემდეგაც, ცოიუმ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში ამ საკითხს "დიპლომატიურ დონეზე პასუხებით" დაუბრუნდებიან.
NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩაატარონ ერთობლივი კონსულტაციები მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.





