კანადის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კანადაში უკრაინული დრონების წარმოებასთან დაკავშირებით შეთანხმება დადეს.
ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინული თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანიას, Airlogix-სა და დრონების მწარმოებელ კანადურ კომპანიას, Sentinel Research and Development-ს შორის პარტნიორობა გაფორმდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, პროექტის ფარგლებში კომპანიები კანადისა და უკრაინის სახელმწიფოების მხარდაჭერით კანადის ტერიტორიაზე სადაზვერვო დრონებს დაამზადებენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდებენ.
კანადის მთავრობის განცხადების მიხედვით, ეს ხელშეკრულება ქვეყნის პრემიერმინისტრის, მარკ კარნის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაწილია - გასული წლის აგვისტოში კარნიმ განაცხადა, რომ კანადა დრონებში, დრონსაწინააღმდეგო აღჭურვილობასა და ელექტრონული ომის საშუალებებში, ასევე უკრაინისა და კანადის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობაში ინვესტიციას ჩადებდა.
"ეს ინიციატივა კანადისა და უკრაინის უსაფრთხოების პარტნიორობაში მნიშვნელოვანი ევოლუციაა. უკრაინასთან და ინდუსტრიაში პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით კანადა აჩქარებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან დასაცავად სასწრაფოდ სჭირდება.
კრიტიკული ტექნოლოგიების შიდა მრეწველობის შესაძლებლობების გაფართოებით, კანადის თავდაცვის ინდუსტრიული სტრატეგიის ამოცანების შესრულებით, ეროვნული გამძლეობის გაძლიერებით და კანადელებისთვის ეკონომიკური სარგებლის შექმნით უკრაინასთან თავდაცვის სფეროში წარმოების შესახებ შეთანხმებები კანადისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის". - წერია განცხადებაში




