28 მაისს აშშ-მ უარყო ინფორმაცია, რომ ამერიკის საელჩომ უკრაინის დედაქალაქი დატოვა მას შემდეგ, რაც კრემლმა დასავლელ დიპლომატებს ახალი იერიშების მიტანამდე კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.
"აშშ-ს საელჩო ღიაა. ჩვენს ოპერაციებში ცვლილებები არ არის და ამის საპირისპირო შინაარსის ცნობები მცდარია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკელების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ აქვს და ის რეგულარულად ამოწმებს უსაფრთხოების მხრივ კიევის საელჩოს მდგომარეობას. ჩვენ ვიმეორებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი გამო, ამერიკელები უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაემგზავრონ." – წერს კიევში აშშ-ს საელჩო X-ზე.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან კიევზე ახალი იერიშების საფრთხის ფონზე აშშ-ს საელჩომ უკრაინის დედაქალაქი დატოვა.
კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინაში ერთის გარდა ყველა საელჩო დარჩა: "ევროპელი დიპლომატები რჩებიან, ხოლო ამერიკელები წავიდნენ," აღნიშნა მან.
24 მაისს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც 300-მდე ობიექტს დაარტყეს, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, მუზეუმებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, სკოლებსა და მეტრო სადგურს. უკრაინული მხარის ცნობით, შედეგად 91 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.
მომდევნო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის დედაქალაქში "სამხედრო-ინდუსტრიულ" ობიექტებზე სისტემატური იერიშების მიტანას იწყებდა და უცხოელებს დედაქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამასთან, სერგეი ლავროვმა 25 მაისს მარკო რუბიოსაც დაურეკა და "ოფიციალურად შეატყობინა", რომ რუსეთი "კიევში ობიექტებზე სისტემურ დარტყმებს" იწყებდა. მუქარის ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუუმჯობესოს. მოგვიანებით კიევში ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელი დიპლომატები უკრაინის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებენ.





