ომი ახლო აღმოსავლეთში

აშშ-მ ღამით ირანში სამხედრო სამიზნეებზე "თავდაცვითი" იერიშები მიიტანა

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / X

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში აშშ-ს არმიამ ირანში სამხედრო ობიექტებზე ახალი იერიშები მიიტანა და ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდო, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამის შესახებ გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა.

მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო ობიექტი, რომელსაც აშშ-მ დაარტყა, ირანის ბანდარ აბასის პორტში მდებარე სახმელეთო საკონტროლო სადგური იყო, რომელიც მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდა. 

"ეს ქმედებები იყო ზომიერი, ცალსახად თავდაცვითი და მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება იყო." – აღნიშნა მაღალჩინოსანმა. 

მოგვიანებით თეირანმა განაცხადა, რომ ამერიკის იერიშების პასუხად ქუვეითში აშშ-ს საავიაციო ბაზას დაარტყეს. პარალელურად, ქუვეითის არმიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები საჰაერო სივრცეში "მტრული რაკეტებსა და დრონებს" იგერიებდნენ. თუმცა, განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ საიდან მოხდა მათი გაშვება.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანულ სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო მიმოსვლას ერთობლივად გააკონტროლებდნენ. ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტე გაიხსნებოდა.

აშშ-მ ირანში თავდაცვითი იერიშები 25 მაისსაც მიიტანა, რასაც თეირანმა შეთანხმების დარღვევა უწოდა. ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მიხედვით, აშშ-ს სამიზნეები მოიცავდა რაკეტების გამშვებ დანადგარებსა და ნავებს, რომლებიც სრუტის დანაღმვას ცდილობდნენ.

კომენტარები