კოალიცია ცვლილებისთვის პრესსამსახურის ცნობით, მძღოლი, რომელმაც ოპოზიციური ალიანსის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე დინამიკები გადაჰქონდა, 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოართვეს.
კოალიციაში ამბობენ, რომ მძღოლი არ არის დაკავშირებული ოპოზიციურ ალიანსთან.
პოლიციამ მძღოლს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 პრიმა ნაწილით შეუდგინა, რაც გულისხმობს "წინასწარი შეცნობით გზის გადაკეტვას სატრანსპორტო საშუალებით, ან სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშრობას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას."
როგორც ამ კოალიციის წევრი, ნიკა კვიტატიანი ფეისბუქ ლაივში ამბობს, შემთხვევა ნიკოლაძის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა აქციის შემდეგ დინამიკები რუსთაველიდან გადაჰქონდათ.
ცნობისთვის, 26 მაისს, პარტია ახალის ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობდა, რომ მანქანა, რომელშიც ტექნიკა იყო განთავსებული, პოლიციამ საჯარიმოზე წაიყვანა.




