26 მაისის აქცია

მოქალაქეთა კონსესუსი, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება, უკვე შემდგარია - ცუცქირიძე

თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ, ოპოზიციური ალიანსის დაორგანიზებულ აქციაზე სიტყვით მიმართა პროტესტის მონაწილეეებს და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ თარიღი არაა, ესაა "ჯამი 9 აპრილის, ჯამი 31 მარტის, 14 აპრილის, 12 აგვისტოსი

"აქ ვართ ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეთნიკური წარმომავლობის გამო, რელიგიური რწმენის გამო, მაგრამ ეს განსხვავებები არ დგას სამშობლოზე მაღლა, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ყველანი ვართ ამ ერთი სამშობლოს შვილები და არ გვემეტება თავისუფლება და დამოუკიდებლობა დასაკარგავად.

სწორედ ამიტომ, დაიწყო თავისუფლების მოედანმა საქართველოს გულისთვის კამპანია და აქაც თქვენს წინაშე მინდა დავდო კიდევ ერთხელ ეს პირობა და ავიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ მართლაც ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამართლიანობის ნამდვილ, ჭეშმარიტ სიტყვას.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მარტში ვიყავით იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, ახლა რამდენიმე დღეში მივდივართ კახეთში, ყველგან ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ მიტოვება საკუთარი ხალხის, კორუფცია, შიში, რეპრესია, მაგრამ ასევე ჩვენ ვნახეთ იმედი, შემართება. ნუ გგონიათ, რომ სხვაგანაც არის ასეთი შემართება, ყველგან სადაც მივედით, ვნახეთ ადამიანები, რომლებიც არიან მზად თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, საქართველოში მოქალაქეთა კონსესუსი იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს დიდი ცვლილება, უკვე შემდგარია.

ასევე, საზოგადოებას ცვლილებასთან ერთად სურს განახლება, სიახლე და ამიტომაც, ჩვენ მივდივართ ყველგან იმისათვის, რომ ვაჩვენოთ და დავარწმუნოთ ადამიანები იმაში, რომ პოლიტიკა არ არის კორუფციის, დაკეტილი კარის მიღმა გარიგებების და რაღაც ორპირობის არენა, არამედ პოლიტიკაში არიან პატიოსანი, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები, რომლებმაც გადადეს საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი კომფორტი, ისევე როგორც ბევრმა თქვენგანმა და დღეს აქ არიან, ამ ბრძოლაში ქართველ ხალხთან.

ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთი რამისთვის, ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ღირსეული ქვეყნისათვის და ამ ცვლადებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები.

დემოკრატიას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა, ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ, აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება არა ცვლადი, არამედ მუდმივი ჯამი ჩვენი ბრძოლისა.

1918 წელს ჩვენმა წინაპრებმა თქვეს, რომ საქართველო თავისუფალია, წელს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ თავისუფლებას დავიცავთ, გადავარჩენთ, გავაძლიერებთ და რომ ამ თავისუფლების ღირსებიც ვართ. გაგიმარჯოთ! გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ჩვენს ქვეყანას." - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

კომენტარები