26 მაისი

ყაველაშვილი: 26 მაისი შეგვახსენებს, საქართველოს ინტერესებით განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი

108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვით და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით. გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა.

ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია.

წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი.

თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა. დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმებას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

[...] მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი. [...] ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მთკიცე და თავისუფალი საქართველო დავუტოვოთ.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები