უკრაინამ პირველად მიიტანა იერიში ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დარტყმის შედეგის ამსახველი ვიდეოები ტელეგრამ არხებზე გავრცელდა.
ომსკის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ხოცენკომ ჯერ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, შემდეგ კი საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ რეგიონში "მტრის დრონი ჩამოაგდეს". მისი თქმით, რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა "შეძლო მიეღწიათ ომსკის ჩრდილოეთში მდებარე სამრეწველო კომპლექსამდე".
უკრაინის გენშტაბმა მალევე დაადასტურა, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2 500 კილომეტრითაა დაშორებული. ცნობების მიხედვით, დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი. უკრაინული ტელეგრამ არხი Exilenova+ წერს, რომ განადგურებულია ორი გადამამუშავებელი დანადგარი.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი სადგური რუსეთში ამ დანიშნულების უდიდესი ობიექტია.




