სააგენტო AFP-ს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი უყვება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 25 მაისს გამართულ სატელეფონო საუბარში ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში უფრო აქტიურად არ ჩაერთოს.
წყაროს თქმით, ეს საუბარი ორ ლიდერს შორის რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო. ფრანგული მხარის ინფორმაციით, მაკრონმა ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც ბელარუსს ემუქრება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომში უფრო ღრმა ჩათრევის შემთხვევაში. მან ასევე მოუწოდა ლუკაშენკოს, გააუმჯობესოს ურთიერთობები ევროპასთან რეგიონში მზარდი დაძაბულობისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო აქტივობის გაძლიერების ფონზე.
საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის საზღვარზე დამატებითი ძალების განთავსების ბრძანება გასცა და აღნიშნა, რომ მოსკოვი შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიიდან ახალ შეტევას ამზადებდეს. რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო, თუმცა შეშფოთება გაძლიერდა ბოლო პერიოდში გამართული რუსულ-ბელარუსული ბირთვული წვრთნებისა და ბელარუსში რუსული სარაკეტო სისტემის, ორეშნიკის განთავსების შემდეგ, რომელსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია. ბელარუსში მანამდე განაცხადეს, რომ ლუკაშენკოსა და მაკრონის საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით გაიმართა.




