რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ 'ორეშნიკის' გამოყენებისთვის ემზადება

REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მაისს განაცხადა, რომ კიევზე პოტენციური მასშტაბური თავდასხმის ფარგლებში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" გამოყენებასაც აპირებს. 

ზელენსკიმ რუსეთის შესაძლო იერიშთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინულ დაზვერვასა და დასავლელი პარტნიორების მიერ გაზიარებულ ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

"ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, მათ შორის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, რომ რუსეთი "ორეშნიკის" რაკეტით იერიშისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას ვამოწმებთ," აღნიშნა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, უკრაინა ხედავს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ერთობლივი იერიშისთვის მომზადების ნიშნებს. 

"უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევზე, სხვადასხვა ტიპის იარაღით ერთობლივი თავდასხმისთვის მომზადების ნიშნებს ვხედავთ. ამ იერიშში შესაძლოა, კონკრეტული საშუალო რადიუსის იარაღიც გამოიყენონ." – განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ "ორეშნიკის" რაკეტა თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერში გამოიყენა, როდესაც ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროზე იერიში მიიტანეს. "ორეშნიკით" უკრაინაზე ბოლო თავდასხმა კი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. 

კომენტარები