რუსეთი

რუსეთში არისტოტელეს თარგმანთან დაკავშირებული თაღლითობისთვის ფილოსოფოსს ბრალი წარუდგინეს

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი

რუსული მედიისა და Telegram-არხების ცნობით, მოსკოვში არისტოტელეს თარგმანთან დაკავშირებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი გაჩხრიკეს. ამის შესახებ პროსამთავრობო სააგენტო РБК და Telegram-არხი Zаписки традиционалиста, ასევე ფილოსოფიური Telegram-არხი Philosophy Today წერენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკები ჩატარდა ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომლების სახლებშიც. ცნობების მიხედვით, ინსტიტუტის თანამშრომელს, სვეტლანა მესიაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით შინაპატიმრობაში გაუშვეს.

როგორც Philosophy Today წერს, საქმე დაკავშირებულია არისტოტელეს ტექსტების თარგმნის სახელმწიფო ტენდერის ანგარიშგებაში დაშვებულ "შეცდომასთან".

Zаписки традиционалиста-ს ცნობით, რომ ჩხრეკები ასევე ჩატარდა ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, 87 წლის აკადემიკოს აბდუსალამ გუსეინოვის სახლში. Медиазона-სთან საუბარში მან ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

გამოცემა T-invariant წერს, საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 10 ფილოსოფოსი დაკითხვაზე დაიბარეს. არსებული ცნობებით, თანამშრომელთა უმეტესობა ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

Новаиа Газета Европа აღნიშნავს, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია საჯარო კონფლიქტის ცენტრშია. 2021 წელს რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ფილოსოფოსი ანატოლი ჩერნიაევი დანიშნა, თუმცა ინსტიტუტის თანამშრომლები ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ. ორი კვირის შემდეგ მან თანამდებობა დაკარგა.

პროსახელისუფლებო მედია, რომელიც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან არის დაკავშირებული, მაშინ ინსტიტუტს "ლიბერალურ" პოზიციაში ადანაშაულებდა. BBC-ის რუსული სამსახური წერდა, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობის უკან თავად მალოფეევი იდგა.

კომენტარები