სომხეთი

სომხეთმა ფაშინიანის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულების საქმეზე გამოძიება დაიწყო

   
   

სომხეთში დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინინის მკვლელობის სავარაუდო შეთქმულების საქმეზე, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიღბიანი და შეიარაღებული პირები ფაშინიანს მიმართავენ და ამბობენ "ჩვენ ვიცით, სად და როდის მიდიხართ. თქვენ პასუხი უნდა აგოთ თქვენს ყოველ ნაბიჯზე."

"სიძულვილითა და შეუწყნარებლობით მოტივირებულმა, ხულიგნურ მოტივებთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაავრცელეს ვიდეო, რომელიც შეიცავდა მუქარას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მიმართ მკვლელობის რეალურ საფრთხეს ქმნის, რაც დაკავშირებულია მის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობასთან და განპირობებულია მისი პოლიტიკური შეხედულებებით," - განაცხადა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა.

ვიდეოში, მუქარასთან ერთად, ნიღბიანი მამაკაცი ფაშინიანს ადანაშაულებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის დაკარგვაში და არაერთხელ მატყუარას უწოდა. მამაკაცი ასევე ამტკიცებდა, რომ ფაშინიანს "სომხეთის აზერბაიჯანისთვის გადაცემა" სურს და ამბობდა, რომ სომხებმა მას არ უნდა მისცენ ხმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ამ წლის 7 ივნისს არის ჩანიშნული.

ვიდეოს საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების, ასევე კომპიუტერული სისტემის საბოტაჟის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. მიმდინარეობს გამოძიება ეჭვმიტანილების იდენტიფიცირების მიზნით.

ვიდეოს თავად ფაშინიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ე.წ. მთიანი ყარაბაღიდან არიან, მაგრამ "გაიქცნენ."

"მათ ნიღბები აქვთ გაკეთებული, თითქოს ძლიერი კაცები იყვნენ. მაგრამ იცით, რატომ ატარებენ ნიღბებს? რადგან როგორც კი მოიხსნიან, დავინახავთ, რომ სწორედ მათ მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და გაიქცნენ, შიშით სავსენი," - განაცხადა ფაშინიანმა.

"მაჩვენეთ, ვინ ხართ. სომხეთში ნიღბებით ჩამოხვედით და ავტომატებით ვიდეოებს იღებდით? ყველას გიპოვით. მოიხსენით ნიღბები და ნებაყოფლობით გამოცხადდით," - თქვა მან.

 

კომენტარები