"ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი" - ასე ეხმაურება ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის დაანონსებულ სამმართველოს. კერძოდ, ოცნება შსს-ში ქმნის სპეციალურ უწყებას, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება".
"თქვენ ხედავდით, რა იყო უცხოური ჩარევის, მათ შორის NGO-ების დაფინანსების ერთერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს იყო სიძულვილის გაღვივება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენს საზოგადოებაში, სიძულვილის გაღვივება ინსტიტუტების მიმართ, აქ საუბარია არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აქ საუბარია მაგალითად მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სხვა ინსტიტუტებზე, ეს იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ხაზი, რომელსაც მიყვებოდა უცხოური ჩარევა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის NGO-ების უცხოური დაფინანსება, პირდაპირ მიზანმიმართულად აფინანსებდნენ NGO-ების გავლით საქართველოში სიძულვილის ენის დამკვიდრებას, სიძულვილის გაღვივებას.
ამას უნდა დავუპირისპიროთ სამართლებრივი მექანიზმები და აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაახმოვანა ვიცეპრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს, შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არავინ მოგვახვიოს თავს გარედან სიძულვილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალები ცდილობენ, ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ ამ მცდელობებს, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი დაპირისპირება, ზუსტად ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გუშინ გახმოვანდა" - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, როგორ განსაზღვრავენ, რა იქნება სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი კამპანია, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა უწყებებმა".
"რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ და უმჯობესია, დავაკვირდეთ, თუ როგორ დაამკვიდრებს ამ პრაქტიკას როგორც ერთი, ისე მეორე უწყება და ორგანო. რაც შეეხება შეფარდების პრაქტიკას, აქ ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ბუნებრივია, ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული ეს კანონმდებლობა.
რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ იმ პრაქტიკას, რომელიც ჩამოყალიბდება შსს-ში. ცალმხრივი არ უნდა იყოს ეს პრაქტიკა. იმისათვის, რომ მთლიანად აღმოიფხვრას სიძულვილის ენა, სიძულვილი ჩვენს საზოგადოებაში, ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს,“- ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, "სხვადასხვა მექანიზმი არსებობს" იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია "სიძულვილთან, სიძულვილის ენის გამოყენებასთან" დაკავშირებით.
"ეს ინფორმაცია თავად შეიძლება შეაგროვოს შესაბამისმა დანაყოფმა, შეიძლება, რომ მას გაუზიარონ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება წამოიწყოს კონკრეტული საქმეები. რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობა უკვე დადგენილია, არსებობს შესაბამისი რეაგირების მექანიზმები, სანქციები. მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება შესაბამის სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური" - თქვა კობახიძემ.




