აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა 18 მაისს გამოაცხადა, რომ აშშ-მ საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საშეღავათო პერიოდი კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა.
მანამდე გამოცემა Reuters საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 16 მაისს ამოწურული საშეღავათო ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო.
წინა საშეღავათო პერიოდი, რომელსაც ვადა რამდენიმე დღის წინ გაუვიდა, ქვეყნებს 15 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით გემებზე ჩატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის ნებას რთავდა. აღნიშნულმა ლიცენზიამ წინა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი ჩაანაცვლა, რომელსაც ვადა 11 აპრილს გაუვიდა.
გამოცემა Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შესასყიდად საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივება რამდენიმე ქვეყანამ მოითხოვა, რომლებიც ირანში ომისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო სპარსეთის ყურიდან ნავთობის იმპორტს ვეღარ ახერხებენ.




