აშშ-ირანის მოლაპარაკებები

პაკისტანის შუამავლობით აშშ-მ ირანისგან ახალი, შეცვლილი სამშვიდობო წინადადება მიიღო

REUTERS/Raheb Homavandi

გამოცემა Reuters-ს წყარომ აცნობა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის შუამავალმა პაკისტანმა აშშ-ს ირანის ახალი, შეცვლილი წინადადება მიაწოდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომი დამთავრდეს. თუმცა, წყაროს მიხედვით, მხარეებს შეთანხმების მისაღწევად "ბევრი დრო აღარ დარჩათ". 

მოგვიანებით ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ დაადასტურა, რომ თეირანის პოზიცია "პაკისტანის მეშვეობით ამერიკულ მხარეს გადასცეს," თუმცა მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. 

აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე მეექვსე კვირაა, რაც ძალაშია, თუმცა პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის ფონზეც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მისამართით მუქარა განაახლა და განაცხადა, რომ "ირანის დრო იწურება". 

პარალელურად, გამოცემა Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების განსახილველად შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, Axios-ს ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ გუშინ, 16 მაისს, ტრამპმა ირანის საკითხის განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ესწრებოდნენ. 

ამასთანავე, Times of Israel-ის ინფორმაციით, ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რის ფარგლებშიც ლიდერებმა ირანთან ომის განახლების საკითხი და ასევე ჩინეთში ტრამპის ბოლო ვიზიტი განიხილეს.

კომენტარები