ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ირანზე საიდუმლო იერიშები მიჰქონდა.
WSJ ხაზს უსვამს, რომ საამიროები შეიარაღებულია დასავლური ავიაგამანადგურებლებითა და სადაზვერვო ქსელებით, რომელთა გამოყენებასაც ეკონომიკური ძალაუფლებისა და რეგიონში მზარდი გავლენების ფონზე არ მოერიდება.
წყაროების თქმით, საამიროების საიდუმლო იერიშებს შორის იყო აპრილის დასაწყისში მიტანილი დარტყმა ლავანის კუნძულზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელზე. იერიში მიიტანეს მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ცეცხლის შეწყვეტას აცხადებდა. მაშინ ირანმა თქვა, რომ მოწინააღმდეგემ მათ ტერიტორიას დაარტყა და საპასუხო იერიშები ქუვეითსა და გაერთიანებულ საამიროებზე მიიტანეს. წყაროების თქმით, აშშ საამიროების იერიშით უკმაყოფილო არ ყოფილა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ჯერაც არ იყო ამოქმედებული.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ WSJ-სთან იერიშებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა უწყებამ მიუთითა წინა განცხადებზე, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანა მტრულ ქმედებებზე სამხედრო პასუხის უფლებას ინარჩუნებდა.
მარტის დასაწყისში დაწყებული ომის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. მისი მიმართულებით თეირანმა 2 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა.
საამიროების ომში პირდაპირ ჩართულობაზე ეჭვები ჯერ კიდევ მარტში გაჩნდა, როცა ირანის ცაში შენიშნეს ავიაგამანადგურებელი, რომელიც არც ისრაელს და არც აშშ-ს ეკუთვნოდა.




