ოკუპირებული ცხინვალი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პოლიციაზე თავდასხმის გამო დააკავეს

   
   

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციაზე თავდასხმის გამო დააკავეს.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტში ჩართული იყვნენ 2004 წელს და 2005 წელს დაბადებული პირები. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის მისვლის შემდეგ, მძღოლებსა და სამართალდამცველებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ინციდენტში მონაწილე პირების მიერ ავარიის ადგილის დატოვების მცდელობას უკავშირდებოდა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის პროკურატურის ცნობით, ორივე დაკავებული ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

ეჭვმიტანილები დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ე.წ. პროკურატურამ კი განაცხადა, რომ ისინი ამზადებენ მოთხოვნას მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის ყველა გარემოების დასადგენად დამატებითი საგამოძიებოსამუშაოები ტარდება.

დაკავების შემდეგ, ორი დაკავებულის კოლეგები და მეგობრები ცხინვალში, პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციის თანამშრომლებმა ბრბოს დასაშლელად გამაფრთხილებლად გაისროლეს.

 

კომენტარები