რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიერ წამოყენებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთმა დაარღვია და ახლო მომავალში საპასუხო ქმედებებს განსაზღვრავენ.

"რუსეთის არჩევანია ცხადი უარი სიმშვიდესა და სიცოცხლეების შენარჩუნებაზე." - დაწერა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ კვლავ გაუსვა ხაზი აქამდე ნახსენებ პირობას, რომ უკრაინა სარკისებურად იმოქმედებდა.

"უკრაინა ხაზგასმით აცხადებდა, რომ სარკისებურად იმოქმედებდა, რუსეთის მხრიდან მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული დაჟინებული მოწოდებების გათვალისწინებით, მოსკოვის აღლუმის პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფის შესახებ. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობა არ არის საჯარო "დღესასწაულების" დრო." - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც სამხედროებისა და დაზვერვის ანგარიშს გაეცნობა.

"დღევანდელი მდგომარეობით ვადასტურებთ, რომ რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. საღამოს ჩვენი სამხედროებისა და დაზვერვის ანგარიშების საფუძველზე განვსაზღვრავთ შემდგომ ნაბიჯებს." - დაწერა ზელენსკიმ.

4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი "გამარჯვების დღის აღნიშვნის პატივსაცემად". იმუქრებოდნენ, რომ ამ ცალმხრივი ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან "სიმშვიდის რეჟიმი" გამოაცხადა. 6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.

 

კომენტარები