ფასების შემსწავლელი კომისია

თვითმომსახურების მოდელების დანერგვა, მარაგის გაძლიერება - კომისია საწვავის ფასებზე

მაღალ ფასებზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ თავის საბოლოო დასკვნაში საქართველოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით 4 რეკომენდაცია გასცა.

გთავაზობთ კომისიის დასკვნას საწვავის ფასებთან დაკავშირებით:

  1. "მარაგების მართვის გაძლიერება - წინასწარ განსაზღვრული მინიმალური მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა ამცირებს დროებითი და ლოგისტიკური შეფერხებების, აგრეთვე გარე შოკების გავლენას შიდა ბაზარზე. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მიწოდების უწყვეტობას და მოკლევადიან პერიოდში ამცირებს ფასების მკვეთრი რყევების რისკს.
  2. იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციის სტიმულირება - მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაცია ამცირებს ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულებას და ზრდის სექტორის მდგრადობას გარე შოკების მიმართ. ალტერნატიული წყაროების არსებობა ასევე აძლიერებს შესყიდვის კონკურენტულ პირობებს ლოგისტიკური ხარჯების ნაწილში, ამცირებს რისკების კონცენტრაციას და დადებითად აისახება ფასების ფორმირებაზე.
  3. ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია - ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია წარმოადგენს საწვავის ფასის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შიდა ფაქტორს. მიწოდების პროცესში თითოეული დამატებითი რგოლი ზრდის ტრანსპორტირების, შენახვისა და გადანაწილების ხარჯებს, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქტის თვითღირებულებასა და საცალო ფასზე. შესაბამისად, რაც უფრო მოკლე და ეფექტიანად ორგანიზებულია მიწოდების ჯაჭვი, მით ნაკლებია ხარჯების აკუმულაცია თითოეულ ეტაპზე და მით უფრო ოპტიმიზებულია საბოლოო ფასის სტრუქტურა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოგისტიკური პროცესების ცენტრალიზაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას (საცავები, ტერმინალები) და დისტრიბუციის ოპტიმიზაციას. ეფექტიანი ლოგისტიკური მოდელი ამცირებს არა მხოლოდ პირდაპირ ტრანსპორტირების ხარჯებს, არამედ ოპერაციულ დანახარჯებს, დანაკარგებსა და დროით შეყოვნებებს, რაც მთლიანობაში ზრდის სექტორის პროდუქტიულობას.
  4. თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა - თვითმომსახურების მოდელებზე ეტაპობრივი გადასვლა წარმოადგენს საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. ასეთი მიდგომა აჩქარებს მომსახურების პროცესს და ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის ობიექტებში. ამასთან, თვითმომსახურების ელემენტების დანერგვა (მაგალითად, გადახდისა და მომსახურების პროცესების ავტომატიზაცია) საშუალებას აძლევს კომპანიებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ ოპერაციულ ხარჯებს და ნაწილობრივ შეარბილონ ფასზე ზეწოლა". - წერია ფასების კომისიის დასკვნაში.

ივანიშვილის პარლამენტის ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა წარადგინა და მიიღო  - დასკვნას მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმა და გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმა.

ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.


შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.

კომენტარები