ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ რეკომენდაციები წამლების ფასებთან დაკავშირებითაც გასცა.
საბოლოო დასკვნის მიხედვით, კომისიამ 5 რეკომენდაცია გასცა:
1. რეფერენტული ფასების სისტემის გაფართოება
"რეფერენტული ფასების სისტემა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები რეგულირებულ სეგმენტში და გაზარდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. არსებულმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აღნიშნული მექანიზმი წარმატებით ზღუდავს ზედმეტ მარჟებს და ამავდროულად ინარჩუნებს ბაზრის ფუნქციონირების სტაბილურობას. აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია სისტემის გაფართოება და მისი გავრცელება აქტიურად მბრუნავი მედიკამენტების მინიმუმ 60%-ზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობას საშუალოდ 40%-ით შეუმცირდება ფასები იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები დღეს არ მოქმედებს". - წერია დასკვნაში.
2. ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება
"ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამამ პრაქტიკაში აჩვენა თავისი ეფექტიანობა, როგორც მექანიზმმა, რომელიც აუმჯობესებს მათ ხელმისაწვდომობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის. პროგრამა ამჟამად მოიცავს დაახლოებით 400 000 ბენეფიციარს და მისი ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 70 მილიონ ლარს, რაც ასახავს მის მასშტაბსა და სოციალურ მნიშვნელობას. შესაბამისად, მიზანშეწონილია პროგრამის ეტაპობრივი გაფართოება და დამატებითი მედიკამენტების ჩართვა. ეს უზრუნველყოფს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე წვდომის ზრდას". - ვკითხულობთ კომისიის საბოლოო დასკვნაში.
3. რეგისტრაციის მექანიზმების ოპტიმიზაცია და ეროვნული რეჟიმის გაძლიერება
"ადგილობრივი წარმოების განვითარება და ბაზარზე მედიკამენტების სწრაფი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რეგისტრაციის პროცედურების ეფექტიანობაზე. ამ კონტექსტში, მიზანშეწონილია ორი მიმართულების გაძლიერება:
- ერთი მხრივ, მიზანშეწონილია რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება იმ მედიკამენტებისთვის, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნით არიან მიმოქცევაში იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს EMA და სხვა მკაცრი მარეგულირებლები. აღნიშნულ შემთხვევებში ბიოექვივალენტობის კვლევების მოთხოვნის მოხსნა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ფინანსურ, ისე დროულ დანახარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.
- მეორე მხრივ, საჭიროა ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმის გაძლიერება და მისი უფრო ეფექტიანად გამოყენება უცხოური მწარმოებლების ეროვნული GMP სერტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი მედიკამენტების სწრაფ შემოსვლას, გაზრდის კონკურენციას და გააფართოებს პროდუქციის ასორტიმენტს, რაც საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახება ფასების დინამიკასა და ხელმისაწვდომობაზე". - წერს კომისია თავის დასკვნაში.
4. მონიტორინგის და დეფიციტების პრევენციის ინტეგრირებული სისტემა
"ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება მოითხოვს რეგულაციების შედეგების უწყვეტ შეფასებასა და მართვას. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფასების რეგულაციამ და რეგისტრაციის გამარტივებამ არ გამოიწვიოს ხარისხის გაუარესება ან მიწოდების შეფერხება. შესაბამისად, საჭიროა მონიტორინგისა და დეფიციტების პრევენციის ერთიანი, კოორდინირებული მექანიზმის ჩამოყალიბება
- პირველ რიგში, მიზანშეწონილია მუდმივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების და სხვა რეგულაციური ინსტრუმენტების გავლენის რეგულარულ შეფასებას. ეს გულისხმობს მუდმივ ანალიზს, ხომ არ იწვევს რეგულაცია ასორტიმენტის შემცირებას, ნაკლებად მომგებიანი მედიკამენტების ბაზრიდან გასვლას, ხარისხის შემცირებას ან მიწოდების შეფერხებებს.
- მეორე მიმართულებად, აუცილებელია მედიკამენტების დეფიციტების პრევენციის სისტემური გაძლიერება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ისე მთლიან ბაზარზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, მათი პრევენციისთვის შესაბამისი ზომების გატარება, მათ შორის მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობების გადახედვა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.
შედეგად, აღნიშნული ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს ბალანსის შენარჩუნებას ფასების ხელმისაწვდომობას, ხარისხის სტანდარტებსა და მიწოდების სტაბილურობას შორის, რაც წარმოადგენს ფარმაცევტული ბაზრის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას". - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
5. ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
"ბავშვთა კვების პროდუქტები წარმოადგენს სოციალურად მგრძნობიარე სეგმენტს, რომლის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტზე დამოკიდებულება და მიწოდების შედარებით გრძელი ჯაჭვი. აღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილია ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შესყიდვის მოცულობას და შექმნის უკეთესი ფასის მოლაპარაკების შესაძლებლობას მომწოდებლებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის მხარდაჭერა, რაც შეამცირებს ლოგისტიკურ და კომერციულ დანახარჯებს და დადებითად აისახება საბოლოო ფასზე". - წერია ფასების კომისიის დასკვნაში.
ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ საბოლოო დასკვნა სურსათის ფასებთან დაკავშირებითაც დადეს.
კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". კობახიძისვე მოთხოვნით შეიქმნა საპარლამენტო კომისიაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებდა.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





