აჭარის მთავრობა

"აჭარელი გახლავთ" - ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა

ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძე წარადგინა. პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2016-2018 წლებშიც იყო.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ბატონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარვუდგინე. გადაწყვეტილება მივიღე აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე.

ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება, ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებულად მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას, სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს.

დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ზურაბ პატარაძემ მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. პატარაძის თქმით, პოსტი მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

"და, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ [...]

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ" - თქვა პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ბოლო ერთი წლის მანძილზე სულხან თამაზაშვილი იკავებდა. ის ივანიშვილის შს მინისტრი ხდება.

კომენტარები