გიგა ავალიანის საქმე

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ 5 აპრილს ცნო, თუმცა, სასჯელის განსაზღვრის სხდომა დღეს, 8 აპრილს გაიმართა.

სამივე არასრულწლოვანს წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეეფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ.

კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ.

დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, ის საპატიმროში 6 წელსა და 9 თვეს გაატარებს

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სამივე არასრულწლოვანი მათთვის ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა არასრულწლოვნებს ედავებოდა: ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას.

"საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს - გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.

ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 29 სექტემბერს, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება თავდასხმის მიზნით, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს და ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ასევე, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში.

დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასვე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით. (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება)

სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილის და გიორგი რიკაძე სრულად ცნო დამნაშავეებად წარდგენილ ბრალდებაში და მათ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ და ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 6 წლით და 9 თვით". - ნათქვამია განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაში.


ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.

"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.

დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.

გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.

ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.  17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.

პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.

4 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ექსპერტების თქმით, გიგა ავალიანს დაზიანება მიყენებული ჰქონდა წინ, მარჯვენა შუბლის მიდამოში.

16 მარტს, პროკურორმა განაცხადა, რომ ავალიანის საქმეზე მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია გამოიკითხა. 

27 მარტს, პროკურატურის განცხადებით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს.

კომენტარები