გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, კრემლმა აშშ-ს შესთავაზა გარიგება, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას შეუწყვეტდა, თუკი ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის შესახებ სადაზვერვო მონაცემებით დახმარებას შეუჩერებდა, თუმცა, წყაროების ცნობით, კრემლმა აღნიშნულ წინადადებაზე აშშ-სგან უარი მიიღო.
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ Politico-ს აცნობა, რომ ამ წინადადებით პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, მაიამიში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე მიმართა.
წყაროების თქმით, აშშ-მ კრემლის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თუმცა, გამოცემის მიხედვით, მსგავსი წინადადების არსებობაც კი შეშფოთებას იწვევს ევროპელ დიპლომატებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრემლი აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილების შექმნას ცდილობს.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში წვლილის შეტანაზე, და მათ "ლაჩრები" უწოდა. ტრამპის თქმით, აშშ ამ პოზიციას "დაიმახსოვრებს".
მარტის დასაწყისში Washington Post-მა სადაზვერვო მონაცემებზე ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის.
ამ ცნობების გავრცელების შემდეგ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს".
ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს "შეუძლიათ, ირანს იმდენი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ამას უგზავნიან ირანელები, უკვე დამარცხებულები არიან".
"რუსეთიც დამარცხებული იქნებოდა. ნებისმიერი დამარცხდებოდა. ჩვენ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს." - დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.
-
ტრამპმა კარგად იცის, ვინ ვის ესაუბრება – ჰეგსეთი რუსეთის მიერ ირანის დახმარების ცნობებზე
-
მაინც ვანადგურებთ – ლივიტი რუსეთის მიერ ირანისთვის სადაზვერვო დახმარების ცნობებზე
-
ტრამპი: რუსებს შეუძლიათ ირანს იმდენი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენიც სურთ, ისინი დამარცხდნენ
ამასთან, 20 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებების წარმართვა აშშ-სთვის "გამოწვევასაც კი არ წარმოადგენს," ხოლო აშშ-ს წინააღმდეგ ირანის რუსულ და ჩინურ აღჭურვილობას "უვარგისი" უწოდა.





