ლელო ძლიერი საქართველო

აუცილებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის - ლელო

ლელო ძლიერი საქართველო

ლელო ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აუციელებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

პარტიის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება.

რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

სამწუხაროდ, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელმაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან ფაქტობრივად იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.

საქართველო ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.

ამ ფონზე საგანგაშოა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი. ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი ქართული ოცნების მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში, სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.

ასეთ ვითარებაში ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს პოლიტიკური დაპირისპირების სწრაფ დეესკალაციას და პასუხისმგებლობიან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.

უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა.

დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.

აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და ქართული ოცნების მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა.

არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე.

ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების დასაქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის.

ამის პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს - საქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში, ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია.

ძლიერი საქართველო - ლელო მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმპოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.


შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტიებმა ჯერ უნდა აღიარონ ოცნების ლეგიტიმაცია და შემდეგ შეიძლება ლაპარაკი. 

"ისინი არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ უნდა მოიქცნენ კარგად, მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე." - თქვა მან. 

კომენტარები