9 პარტია გამოვიდა, რაღაც მანიფესტი გამოაქვეყნეს და რაღაც არალეგიტიმური რეჟიმის დამხობაზე საუბრობდნენ, პირდაპირ მანიფესტში უწერიათ. ასეთ ხალხს როგორ უნდა ველაპარაკოთ. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ უნდა აღიარონ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია, იურისდიქცია. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე და ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და იურისდიქციას 100%-ზე.
ჩვენ ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ ლოიალური ვერ ვიქნებით. ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. ისინი არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას 2020 წლიდან მოყოლებული, ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჯერ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ უნდა მოიქცნენ კარგად, მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე.





