ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი და Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანი, ტაკერ კარლსონი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი "უცხოური აგენტების აქტის" ფარგლებში მისთვის ბრალის წარდგენისთვის ემზადება, რისი რეკომენდაციაც, კარლსონის თქმით, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე მის მიერ გაგზავნილი ტექსტური მესიჯების წაკითხვის შემდეგ გასცა.
5-წუთიან ვიდეოში, რომელიც ძირითადად ვითარების ახსნას ეთმობა, ტაკერ კარლსონი მიანიშნებს შესაძლებლობაზე, რომ CIA-ის "ზოგიერთი" თანამშრომელი მას "ისრაელზე მოსაზრებების" გამო იღებს მიზანში.
"CIA ჩემ წინააღმდეგ გარკვეული სახის სისხლის სამართლის საქმეზე მიმართვას ამზადებს, დანაშაულის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის შეტყობინებით, ჩემ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საფუძველზე. რა არის დანაშაული? ომის დაწყებამდე ირანში ადამიანებთან საუბარი." - ამბობს ტაკერი გავრცელებულ ვიდეოში.
ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ბრალს, "როგორც ჩანს, უცხოური აგენტების აქტის" ფარგლებში წარუდგენენ, რაშიც, სავარაუდოდ, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იგულისხმა.
თუმცა, მისი თქმით, სამართლებრივი გადმოსახედიდან "საქმე სულელურია" და რამდენიმე მიზეზის გამო მოელის, რომ ეს ძალისხმევა "ვერაფერს მიაღწევს": "უცხოური ძალის აგენტი არ ვარ. აშშ-ს პოლიტიკასა და საერთაშორისო საკითხებზე კომენტარების გამკეთებელი მრავალი ადამიანისგან განსხვავებით. მხოლოდ ერთი რამის მიმართ ვარ ერთგული, ეს არის აშშ და არასდროს მიმოქმედია მის წინააღმდეგ" - ამბობს ის და ასევე ხაზს უსვამს, რომ "არც არავისგან არ აუღია ფული".
ვიდეოში კარლსონმა დაამატა, რომ "შესაძლოა, საქმისწარმოება არც დაიწყოს," თუმცა, აღნიშნა, რომ საკითხზე საუბარი რამდენიმე "აშკარა მიზეზის" გამო გადაწყვიტა. მათ შორის ტაკერი ასახელებს ისრაელის შესახებ თავის მოსაზრებებსა და ასევე იმასაც, რომ "ომის დროს ხელისუფლებები უფრო ავტორიტარულად" იქცევიან.
ცნობისთვის, ტაკერ კარლსონმა გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია, რის პასუხადაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ABC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "ტაკერს გზა აერია."
"დიდი ხნის წინ ვიცოდი, რომ ის MAGA არ არის. MAGA ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პროცესშია. MAGA ჩვენს ქვეყანას კვლავ დიდებულად აქცევს. MAGA არის ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ტაკერი კი ამათგან არცერთია და ტაკერი არ არის საკმარისად გონიერი, რომ ეს ესმოდეს." - თქვა ტრამპმა 5 მარტს.
მანამდე New York Times წერდა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, ერთი თვის განმავლობაში, ტაკერ კარლსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამჯერ შეხვდა და ცდილობდა, რომ მის გარემოცვაში ირანზე თავდასხმის წინააღმდეგ "ლობირებდა".





