აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მარტს NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროებით რუსეთის წინააღმდეგ შეჩერებული ნავთობის სანქციები "მაშინვე აღდგება, როცა კრიზისი დასრულდება," რაშიც მან ირანთან ომი და თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ძალისხმევა იგულისხმა.
"მე მსოფლიოსთვის ნავთობი მსურს. მინდა, რომ ნავთობი მეც მქონდეს," აღნიშნა ტრამპმა რუსულ ნავთობზე სანქციების დროებით მოხსნასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას.
ამასთან, ინტერვიუს ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა: "მიკვირს, რომ ზელენსკის შეთანხმების დადება არ უნდა. ზელენსკის უთხარით, რომ შეთანხმება დადოს, რადგან პუტინი მზადაა შეთანხმების დასადებად." - თქვა მან.
"ზელენსკისთან შეთანხმების დადება ბევრად უფრო რთულია," დაამატა მან.
მანამდე ზელენსკიმ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოგდების კუთხით დახმარება შესთავაზა, თუმცა, ტრამპმა შაბათს თქვა, რომ აშშ-ს უკრაინის დახმარება "არ სჭირდება".
"ზელენსკი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც ჩვენ დახმარება გვჭირდება." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ 13 მარტს X-ზე დაწერა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უკრაინას დაუკავშირდნენ და ირანული "შაჰედის" ტიპის დრონების ჩამოგდებაში ექსპერტიზის გამოცდილება სთხოვეს. "ამის გამო ჩვენ უკვე გავგზავნეთ ექსპერტთა ჯგუფები სამ ქვეყანაში." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზმა X-ზე განაცხადა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერის გამო უკრაინა "ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა".
ირანთან ომის ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის გამო აშშ-მ ზღვაში გაჩერებული რუსული ნავთობი სანქციებისგან 30-დღიანი ვადით გაათავისუფლა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაცია "მუშაობს იმისთვის, რომ [საწვავის] ფასები დაბალი დარჩეს".
"ეს მკაცრად შეზღუდული, მოკლევადიანი ზომა ვრცელდება მხოლოდ იმ ნავთობზე, რომელიც უკვე გადაზიდვის პროცესშია და არ მოუტანს მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს რუსეთის მთავრობას, რომელიც ენერგეტიკული შემოსავლის უმეტესობას მოპოვების ეტაპზე დაკისრებული გადასახადებიდან იღებს" - განაცხადა ბესენტმა.





