აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Axios: საფრანგეთის წინადადება ლიბანში ომის დასრულებაზე ლიბანის მიერ ისრაელის აღიარებას მოიცავს

Gonzalo Fuentes / Pool / AFP via Getty Images

გამოცემა Axios წერს, რომ საფრანგეთმა ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომის დასასრულებლად წინადადება შეიმუშავა, რომელიც "უპრეცედენტო ნაბიჯს", ლიბანის მიერ ისრაელის აღიარებას მოიცავს. 

გამოცემის მიხედვით, ლიბანის მთავრობა წინადადებას დათანხმდა, ხოლო აშშ და ისრაელი ამ ეტაპზე მას განიხილავენ. 

გამოცემის წყაროების თქმით, ფრანგულ მხარეს სურს, რომ მოლაპარაკებები პარიზში ჩატარდეს. თავდაპირველად, მოლაპარაკებები მაღალი რანგის დიპლომატებს შორის გაიმართება, შემდგომ კი პროცესში პოლიტიკური ლიდერებიც ჩაერთვებიან. 

Axios-ს წყაროები ეუბნებიან, რომ ფრანგული წინადადება ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყებიდან ორ თვეში ქვეყნებს შორის მუდმივი თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებას მოიცავს, რომელიც ისრაელსა და ლიბანს უთანხმოებათა მშვიდობიანად მოგვარებას დაავალდებულებს.

გამოცემის წყაროების მიხედვით, ფრანგული წინადადების მიხედვით, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებისა და მყისიერ საფრთხეების მოსაგვარებლად სპეციალური მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება, რომელსაც აშშ უხელმძღვანელებს.

ამასთან, Axios-ის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში "პოლიტიკურ დეკლარაციაზე" შეთანხმება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ლიბანი ისრაელს აღიარებს და ისრაელის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ვალდებულებას აიღებს. წინადადების ფარგლებში ლიბანი ასევე მისი ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების პრევენციასა და ჰეზბოლას განიარაღებასა და მისი სამხედრო აქტივობის აკრძალვაზე აიღებს პასუხისმგებლობას. 

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, ფრანგული წინადადება მოიაზრებს, რომ თავდაუსხმელობის შეთანხმების დადების შემდეგ, ისრაელი დატოვებს ხუთ პოზიციას სამხრეთ ლიბანში, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) 2024 წლის ნოემბრიდან აკონტროლებენ. თავის მხრივ, ლიბანი მდინარე ლიტანის სამხრეთით თავის ძალებს განალაგებს.

Axios-ის მიხედვით, ფრანგული გეგმის საბოლოო ფაზა 2026 წლის ბოლომდე ისრაელი-ლიბანისა და სირია-ლიბანის საზღვრების დემარკაცია არის.

გამოცემა ისრაელელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მნიშვნელოვნად გაფართოებას, ლიტანის სამხრეთით ქვეყნის ტერიტორიის მთლიანად დაკავებას და ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის მოშლას აპირებს. 

კომენტარები