11 მარტის საღამოს საათებში ჰეზბოლას ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა, რის გამოც ისრაელის მოსახლეობას არაერთხელ მოუწია თავშესაფრებში ჩასვლა.
ისრაელური მედიის მიხედვით, ეს ყველაზე მასშტაბური იერიში იყო ჰეზბოლას მხრიდან მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები წამოიწყეს. კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია თავისი სპონსორის, ირანული რეჟიმის მხარდასაჭერად ომში ჩაერთო. ჰეზბოლას თავდასხმის პარალელურად, ისრაელის საჰაერო ძალები განაგრძობდნენ ბეირუთსა და ლიბანის სხვა ნაწილებზე საჰაერო იერიშების მიტანას.
ჰეზბოლამ თავდაპირველად ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გაუშვა, რის პარალელურადაც ისრაელის ცენტრალური რეგიონისკენ რაკეტა ირანმაც გაუშვა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, "კოორდინირებული თავდასხმა" იყო.
Times of Israel-ის ცნობით, ირანული რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვა ასევე ცდილობდა ჰეზბოლას თავდასხმის მოგერიებასაც, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები რამდენიმე ადგილზე დაეცა, რასაც ხანძრებიც მოჰყვა, ხოლო ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ლიბანიდან ისრაელისკენ ჰეზბოლას მიერ გაშვებული რაკეტების ამსახველი კადრებიც:
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შეფასებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჰეზბოლამ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ჯამში, სულ მცირე, 150 რაკეტა გაუშვა, რომელთა ნაწილიც დაუსახლებელ ადგილებში ჩამოვარდა.
თავის მხრივ, IDF-მა ბეირუთის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე საჰაერო იერიშების მორიგი ტალღა წამოიწყო, ხოლო ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ არმიამ შესაძლოა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებიც დაიწყოს, თუკი ლიბანის მთავრობა ჰეზბოლას გაკონტროლებას ვერ შეძლებს.





