აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Axios: გასულ წელს აშშ-მ უარი თქვა უკრაინის დრონსაწინააღმდეგო ტექნიკის შეძენის შეთავაზებაზე

უკრაინული Sting-ი - დრონების მომგერიებელი დრონი

ამერიკული მედია Axios-ი მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით 7 თვის წინ უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-სთვის ირანული დრონების წინააღმდეგ შექმნილი ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგია მიეყიდათ.

Axios-ის წყარო ამბობს, რომ 2025 წლის 18 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპს, კავშირის განმტკიცების მიზნითა და მადლიერების ნიშნად, შესთავაზა დრონების მოსაგერიებელი დანადგარები. როგორც Axios-ი წერს, უკრაინელებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც ხსნიდნენ, როგორ შეძლებდნენ ამერიკული ძალები ამ დანადგარებით ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების დაცვას.  პრეზენტაციაში ნახსენები იყო თურქეთში, იორდანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში "დრონებთან ბრძოლის ცენტრების" შექმნის იდეა.

ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ შეთავაზებაზე უარი თქვა და პოზიცია მხოლოდ გასულ კვირაში შეიცვალა, ირანის მიერ მოსალოდნელზე მეტი დრონებით იერიშის შემდეგ. 

"ამ შეხვედრაზე... აგვისტოში ტრამპმა თავის გუნდს დაავალა, ემუშავათ ამ საკითხზე, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს." - ანონიმურად თქვა Axios-თან უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

Axios-თან საუბარში ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეთავაზებაზე უარი ადმინისტრაციის ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკურ შეცდომად ითვლება. 

შაჰედის ტიპის ირანული დრონების წარმოება იაფი ჯდება, მათ მოსაგერიებლად კი ახლო აღმოსავლეთში აშშ და მოკავშირეები ძვირადღირებულ დანადგარებს იყენებენ. დრონების იერიშის შედეგად დაიღუპა 7 ამერიკელი სამხედრო.

"თუკი აქამდე რაიმე ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, სწორედ ესაა." - ანონიმურად თქვა მედიასთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

Axios-თან საუბარში ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ზელენსკის ტრამპის ადმინისტრაციაში უყურებენ, როგორც "კლიენტი სახელმწიფოს რეკლამირებაზე ორიენტირებულ პირს, რომელიც პატივისცემას არ იმსახურებს".

"ჩვენ ვიფიქრეთ, ზელენსკი იქცეოდა ისე, როგორც ზელენსკი. ვიღაც გადაწყვიტა არ გვეყიდა." - თქვა მაღალჩინოსანმა. 

The New York Times-ის ცნობით, აშშ-მ ზელენსკის დრონების წინააღმდეგ დახმარება 5 მარტს სთხოვა.

Axios-თან კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის სპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ. მისი მტკიცებით, ცნობა არასწორია.

"მშიშარა ანონიმური წყაროების ეს აღწერა არასწორია და ამტკიცებს, რომ ისინი [სიტუაციაში] შორიდან ჩახედვას ცდილობენ. მინისტრმა ჰეგსეთმა და შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავად გათვალეს ყველა შესაძლო პასუხი ირანის რეჟიმის მიერ, და ოპერაცია ეპიკური რისხვის უდავო წარმატება ამაზე მეტყველებს." - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

უკრაინას შაჰედის ტიპის დრონების მოგერიებაში დიდი გამოცდილება აქვს. ამ სახის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს თავდაპირველად ირანმა მიაწოდა. შემდეგში მათ მსგავსი ტიპის დრონების Геран-ის სახელით წარმოება საკუთარ ტერიტორიაზეც დაიწყეს. 

კომენტარები