რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Spiegel: გერმანიამ უკრაინის დასახმარებლად 30-ზე მეტი Patriot-ის რაკეტა შეაგროვა

Patriot-ის სარაკეტო სისტემები ერთ-ერთ გერმანულ სამხედრო აეროპორტში
Axel Heimken/picture alliance/Getty Images

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ძალისხმევის შედეგად უკრაინა მომდევნო კვირების განმავლობაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის 30-ზე მეტ გადამჭრელ რაკეტას მიიღებს. 

Spiegel-ის მიხედვით, უკრაინის მარაგების შესავსებად პისტორიუსმა ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან 30-მდე PAC-3 ტიპის რაკეტის მიწოდების გარანტია მოიპოვა, რასაც დაემატება გერმანიის მიერ ბუნდესვერის მარაგებიდან მიწოდებული რაკეტებიც. შედეგად, მოსალოდნელია, რომ უკრაინა ჯამში 35 გადამჭრელ რაკეტას მიიღებს. 

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება იგეგმება, თუმცა არ დაუკონკრეტებია PAC-3 ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა. 

სამინისტროს სპიკერმა ასევე დაამატა, რომ გერმანია უკრაინას სხვა სისტემებსა და კომპონენტებსაც მიაწოდებს, მათ შორის, MANPADS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, AIM-9 ტიპის რაკეტებს, მართვად რაკეტებს გერმანული IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ნაწილებს Patriot-ისა და IRIS-T სისტემების შეკეთება-შენახვისთვის, და დაფინანსებას უკრაინული საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის.

Spiegel წერს, რომ უკრაინას ყოველთვიურად საშუალოდ დაახლოებით 60 გადამჭრელი რაკეტა ესაჭიროება.

კომენტარები