აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Reuters: საუდის არაბეთი ირანს პასუხით დაემუქრა, თუ თეირანი იერიშებს არ შეწყვეტს

ერ-რიადი, საუდის არაბეთი, 5 მარტი, 2026 წ. 
REUTERS/Stringer

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საუდის არაბეთმა თეირანს უთხრა, რომ კონფლიქტის მოგვარება დიპლომატიური გზით ურჩევნია, თუმცა, ასევე გააფრთხილა, რომ სამეფოს ტერიტორიასა და ენერგეტიკის სექტორზე ირანის მხრიდან იერიშების გაგრძელებამ შესაძლოა, საუდის არაბეთის მხრიდან ანალოგიური პასუხი გამოიწვიოს.

ამის შესახებ გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა ოთხმა წყარომ აცნობა. მათ თქმით, საუდის არაბეთის გზავნილი ირანს მანამ გადაეცა, სანამ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი შაბათს სიტყვით გამოვიდოდა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს თავდასხმებისთვის ბოდიშს მოუხდიდა.

წყაროების მიხედვით, ორი დღით ადრე საუდის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ელაპარაკა და სამეფოს პოზიცია მკაფიოდ გადასცა. 

Reuters-ის წყაროების მიხედვით, საუდის არაბეთი მზად არის ნებისმიერი ფორმით შუამავლობისთვის, რომლის მიზანიც დეესკალაცია და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევაა.

თუმცა, წყაროები ასევე ციტირებენ, რომ პრინცი ფაისალის თქმით, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ან ენერგოსექტორის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, საუდის არაბეთი იძულებული გახდება, რომ აშშ-ს ირანში სამხედრო ოპერაციებისთვის საკუთარი ბაზების გამოყენების ნება დართოს.

ამასთან, წყაროების თქმით, საუდის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ ერ-რიადი თავადაც გასცემს პასუხს, თუკი სამეფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები გაგრძელდება. 

ცნობისთვის, 7 მარტს სირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მეზობელ ქვეყნებს მათ წინააღმდეგ მიტანილი იერიშების გამო ბოდიში მოუხადა. 

"ბოდიშს ვიხდი... იმ მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც ირანმა შეუტია" - თქვა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში, რომელსაც AFP ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ირანი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არც საჰაერო და არც სარაკეტო იერიშებს აღარ მიიტანს, თუ ისინი ირანს არ დაესხმებიან თავს.


თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომდევნო ლიდერის არჩევაში აშშ-ც უნდა იყოს ჩართული. ტრამპის თქმით, ცუდი იქნება, თუ ირანში ძალაუფლებას ჩაიგდებს ადამიანი, რომელიც "წინასავით ცუდი იქნება" და რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ  ირანთან "უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება."

"უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება" - დაწერა ტრამპმა 6 მარტს. 

კომენტარები