პროირანული ძალები საქართველოში

ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

3 მარტს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი ირანული გავლენა, რის ფარგლებშიც თეირანი ქვეყანაში "გავლენის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ ქსელს" ქმნის. 

"საქართველოში ირანული პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა მკვეთრად გაიზარდა და ახლა სისტემატურად და ღრმად არის ქართული საზოგადოების სეგმენტებში გამჯდარი." - წერენ ავტორები, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი.

ახალ კვლევაში წერია, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ყველაზე სანდო სტრატეგიული პარტნიორი იყო, ახლა სხვა მიმართულებით მიემართება და ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, ქვეყანა "უფრო ავტორიტარული" გახდა და უფრო დაუახლოვდა აშშ-ს მოწინააღმდეგეებს, კერძოდ, რუსეთსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას. 

ამასთან, ავტორების თქმით, ანგარიშში დოკუმენტირებულია საქართველოში ირანის მზარდი გავლენა და ნაჩვენებია, რომ ქართული ოცნება "ხელს უწყობს ირანის შემოღწევას" და ამავდროულად, თეირანს ქვეყანაში "გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელის" შექმნის საშუალებას აძლევს. 

"ეს ქმედებები პირდაპირ უქმნის საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლურ გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტის მიმართ ერთგულია." - წერენ ავტორები.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ ირანისკენ საქართველოს გადახრა "მთავრობის უმაღლეს დონეებზე არის შესამჩნევი." ავტორები იხსენებენ 2024 წელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ ირანში გამართულ ორ ვიზიტს, როცა ის ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვასა და შემდგომ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. 

ამასთან, ავტორებს მაგალითად მოჰყავთ 2025 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თეირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებაც, როცა ალექსანდრე ხვთისიაშვილი ირანის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ირანის გავლენის ინფრასტრუქტურის ნაწილში საქართველოში შეღწევადობა დახასიათებულია, როგორც "მიზანმიმართული, ორგანიზებული და ყოვლისმომცველი." ავტორები წერენ, რომ გავლენის ყურადღების ცენტრი განსაკუთრებით მიმართულია ეთნიკურად აზერბაიჯანელ შიიტ მოსახლეობაზე.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ თემს ირანი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა "სტრატეგიულ სამიზნედ" და მათზე გავლენის მოსახდენად არაერთ მექანიზმებს იყენებდა, მათ შორის, რელიგიურ და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, მედრესეებსა და ახალგაზრდულ ქსელებს, მომლოცველობის მიზნით ირანში მოგზაურობებს, ირანთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდებს, პროირანულ მედიასა და ეკონომიკურ საშუალებებს. 

კვლევაში საქართველოში მოქმედ რელიგიურ და საგანმანათლებლო ინსტიტუტებად დასახელებულია აჰლი ბეითის მსოფლიო კრებისა და აშშ-ს მიერ "ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის" სანქცირებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალები, რომლებიც ავტორების თქმით, "საქართველოში ღიად მოქმედებენ და თეირანთან თანხვედრაში მყოფ რელიგიურ დოქტრინას ავრცელებენ."

"საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, მდუმარედ თანხმდება ამ ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მრავალ შემთხვევაში ირანთან თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველომ ოფიციალურ დონეზე უმასპინძლა ირანის რეჟიმის გავლენიან ფიგურებს, მათ შორის, აჰლი ბეითის მსოფლიო კრების აიათოლა რეზა რამეზანის მაშინ, როცა ისინი პირდაპირ იყვნენ კავშირში ქვეყნის პროირანულ ქსელებთან." - წერია კვლევაში.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში ირანულ გავლენას "იდეოლოგიური განზომილებაც" აქვს. ავტორების თქმით, ათწლეულების განმავლობაში თეირანი სასულიერო პირების ქსელებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ქველმოქმედებას, მომლოცველობით სტრუქტურებსა და მედიას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში "იდეოლოგიური ეკოსისტემების შესაქმნელად" იყენებდა: "თეირან ახლა ამ სისტემას საქართველოში ნერგავს."

"საქართველოში ერთ დროს წარმოუდგენელი ღონისძიებები, როგორიცაა აიათოლა ალი ხამენეისა და ჰეზბოლას ჰასან ნასრალას პორტრეტებით მსვლელობები, ან IRGC-ის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საჯარო ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ახლა ღიად იმართება." - წერია ანგარიშში. 

ავტორები წერენ, რომ ეს კამპანია არ არის უბრალოდ რელიგიური ხასიათის, არამედ "პოლიტიკურ ინდოქტრინაციას წარმოადგენს."

ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ირანის მზარდი გავლენა კიდევ უფრო უთხრის ძირს აშშ-ს ინტერესებს. "ირანთან საქართველოს დაახლოება უფრო ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რაც მოსკოვთან უფრო ახლო კავშირებსაც მოიცავს. ეს ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სამართლებრივ წნეხს აწესებს პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და ძირს უთხრის ტრადიციულ დასავლურ პარტნიორობას." - წერია კვლევაში. 

ანგარიშის მიხედვით, თუკი ირანისკენ საქართველოს გადახდა უყურადღებოდ დარჩება, ქვეყანაში გაიზრდება ირანული გავლენა, გაძლიერდებიან აშშ-ს მოწინააღმდეგეები და იმატებს რისკი, რომ ირანიდან მართული არასტაბილურობა სამხრეთ კავკასიაშიც გავრცელდება. 

"მაშასადამე, აშშ-ში პოლიტიკის გამტარებლები ირანისკენ საქართველოს გადახრას უნდა მოექცნენ, როგორც გადაუდებელ გამოწვევას და არა - პერიფერიულ საზრუნავს." - წერენ კვლევის ავტორები. 

კომენტარები