აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ლავროვი: აშშ-ისრაელის ერთ-ერთი მიზანია, ირანთან ომში სპარსეთის ყურის ქვეყნებიც ჩაითრიონ

REUTERS/Turar Kazangapov/File Photo

უკრაინაში ომთან დაკავშირებით ელჩებთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიზანია, ირანის წინააღმდეგ ომში სპარსეთის ყურის ქვეყნებიც ჩაითრიონ. 

ლავროვმა ასევე დაამატა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეიქმნას ატმოსფერო, რომელშიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო მოქმედებები შეუძლებელი იქნება. 

"რუსეთი და სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელშიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაცია შეუძლებელი იქნება." - თქვა მან. 

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს დედამიწის დაბალ ორბიტაზე Starlink-ის მსგავსი სატელიტური სისტემების საერთაშორისო რეგულირება სურს. რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ასეთმა სისტემებმა პატივი უნდა სცენ იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, სადაც ისინი მომხმარებლებს მომსახურებას უწევენ. 


ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

1-ელ მარტს ირანული სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ იერიშებს ემსხვერპლნენ ხამენეის ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალიც. მომდევნო დღეს იერიშით მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა ხამენეის ცოლიც. 

აშშ-ისრაელის იერიშებზე პასუხად ირანმა ისრაელისა და რეგიონის არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის პასუხად "ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ თავდასხმით ოპერაციას" იწყებდა, თუმცა, ტრამპი უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ირანი თავდასხმით ოპერაციას დაიწყებს.

ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მისი გათვლებით, ირანთან ომი დაახლოებით "ოთხ კვირამდე" გაგრძელდება, თუმცა, ასევე მიანიშნა, რომ ეს დრო შესაძლოა, შემცირდეს. ხოლო თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს არმია მზადაა, ირანის წინააღმდეგ კამპანია უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. მან ასევე IRGC-ს, ირანელ სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენაც მოუწოდა. 

პარალელურად, ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა X-ზე დაწერა, რომ ირანი "აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აპირებს."

2 მარტს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის ფარგლებში დაიღუპა ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 

კომენტარები