აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

სტარმერი: თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში ირანში ცაში ბრიტანული თვითმფრინავებია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთს ირანში აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რეგიონში ცაში თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში ბრიტანული თვითმფრინავები არის მობილიზებული, რათა დაიცვას "მათი ხალხი, მათი ინტერესები და მათი მოკავშირეები". 

ამის შესახებ სტარმერმა 28 თებერვალს ილაპარაკა.

სტარმერა ასევე თქვა, რომ ევროპელ ლიდერებს "მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის" ხილვა სურთ. მისივე თქმით, ირანს შეუძლია, თავი შეიკავოს იერიშებისგან, უარი თქვას შეიარაღების პროგრამებზე და შეწყვიტოს ირანელი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა, რითაც "ეს ყველაფერი" დასრულდება. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის "გზა დეესკალაციისკენ"

"რეგიონში რიგი თავდაცვითი შესაძლებლობები გვაქვს, რომლებიც გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურია და დღეს ბრიტანული თვითმფრინავები არიან ცაში კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, როგორც ეს ბრიტანეთს გაუკეთებია წარსულში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. 

ბრიტანული ბაზებისა და მათი პერსონალის დაცვა მაქსიმალურ დონემდე გავაძლიერეთ. ასევე ვუკავშირდებით გაერთიანებული სამეფოს რეგიონში მყოფ მოქალაქეებს და მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. 

დღეს E3-ისა და რეგიონის ლიდერებს ველაპარაკე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ესკალაცია ავირიდოთ და დიპლომატიურ პროცესს დავუბრუნდეთ. გვსურს, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვა ვიხილოთ. ირანს შეუძლია, ეს ეხლა დაასრულოს. დამატებითი იერიშებისგან თავი უნდა შეიკავოს, შეიარაღების პროგრამებზე უარი თქვას და შეწყვიტოს შემაძრწუნებელი ძალადობა და რეპრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც იმსახურებს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას ჩვენი ხანგრძლივი პოზიციის შესაბამისად. ეს არის გზა დეესკალაციისკენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ". - თქვა სტარმერმა.  

სტარმერმა ასევე დაგმო ირანის იერიშები ბრიტანეთის მოკავშირეებზე რეგიონში, მათ შორის, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ბაჰრეინზე, კატარზე, ქუვეითზე, იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. 

"გაერთიანებულ სამეფოს ამ იერიშებში წვლილი არ შეუტანია, თუმცა დიდი ხანია თვალნათლივ ვაცხადებთ, რომ ირანის რეჟიმი სრულად საზიზღარია. საკუთარ ხალხთაგან ათასობით ადამიანი დახოცეს, წინააღმდეგობა სასტიკად მოსპეს და რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანული რეჟიმი დისიდენტებისა და ებრაული თემის წინაშე უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს მიწაზე 20-ზე მეტ პოტენციურად ლეტალურ თავდასხმას უჭერდნენ მხარს. ასე რომ, აშკარაა, რომ მათ არასდროს არ უნდა შეეძლოთ ბირთვული იარაღის დამზადება. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ს მთავარ ამოცანად. ვგმობ ირანის თავდასხმებს რეგიონის გარშემო პარტნიორებზე, რომელთაგან მრავალი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ ვალდებულებების ფარგლებში". - თქვა სტარმერმა. 

კომენტარები