TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირება

კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ - კობახიძე ქართუ ბანკზე

"მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი... ამ კომერციულ ორგანიზაციას არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს" - ასე უპასუხა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ბანკი ქართუ გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას იმედთან და პოსტივისთან.

"მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა სუბიექტს, ითანამაშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რა რისკთანაა ეს დაკავშირებული, ივანიშვილის პრემიერი ირწმუნება, რომ "არცერთ ქართულ კომპანიას არავითარი რისკი არ შეექმნება".

"ყველას ვპირდები, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ ჩამოიშლება - არც მედიის თავისფლება და არც მეწარმეობის თავისუფლება, არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ. 

არაფერი [სანქციებისთვის გვერდის ავლა] არ გამოვა... 2012 წლამდე ბიზნესის რეკეტი და ტელევიზიების მიტაცება იყო თქვენი პარტიის ხელწერის მთავარი შტრიხი, ეს არ გამოგივათ ახლა, ვინც არ უნდა დაგეხმაროთ....

მე მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა, მე კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ, მე მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, მათ შორის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, მხოლოდ მოწოდებით შემოიფარგლება თუ ეროვნული ბანკის იძულების ბერკეტებსაც გამოიყენებს, ივანიშვილის პრემიერი "ძალიან ზოგადად" ამბობს, რომ "ყველაფერი იქნება ძალიან კარგად".

"არცერთ კომერციულ სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები, არცერთ ტელეკომპანიას არ შეეექმნება პრობლემები, ყველა სამეწარმეო სუბიექტი და ყველა ტელეკომპანია შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას ყოველგვარი ზიანის გარეშე...

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ვითარებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაბრკოლება ოდნავადაც არ შეიქმნას საქართველოში არც ტელეკომპანიებისთვის, არც ბანკებისთვის და არც რომელიმე სამეწარმეო სუბიექტისთვის" - ამბობს კობახიძე.

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს. თქვენ იმის იმედი ნუ გაქვთ, რომ საქართველოში მედიისა და მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება შეილახება".

27 თებერვლის დილით TV იმედმა განცხადება გაავრცელა - მათი მტკიცებით, "არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა" არ ექნებათ. სანქცირებული ტელევიზია ირწმუნება, რომ "რამდენიმე ბანკი" მზადაა,  მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა, TV იმედის ცნობით, "ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში", შექმნიან საკუთარ ბანკს - "იმედის ბანკი“.

არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ იმედს მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს - ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.

ტელეიმედი დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ, ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანაშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.“ - წერია განცხადებაში.

კომენტარები