აშშ-ირანის დაპირისპირება

ვენსი: ჩვენ ვნახეთ მტკიცებულებები, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნა ხელახლა სცადა

ჯეი დი ვენსი
Evan Vucci/AP

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ თეირანმა ბირთვული პროგრამის აღდგენა ხელახლა სცადა. 

"ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი. თუ ისინი ბირთვული იარაღის შექმნას ხელახლა შეეცდებიან, ეს ჩვენთვის პრობლემებს ქმნის და, სინამდვილეში, ჩვენ ვნახეთ მტკიცებულებები, რომ მათ ამის მცდელობა ჰქონდათ. ასე, რომ პრეზიდენტი მომლაპარაკებლებს გზავნის, რათა ამ პრობლემის მოგვარება ვცადოთ და როგორც პრეზიდენტს განმეორებით აქვს ნათქვამი, მას ამ პრობლემის მოგვარება დიპლომატიურად სურს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს სხვა ვარიანტებიც აქვს." - განაცხადა ვენსმა. 

მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს "ერთი კვირა აშორებს სამრეწველო დონის ბომბის დასამზადებელი მასალის მიღებისგან".

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 26 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება. გამოცემა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა, დიდი ალბათობით, ბოლო შანსია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი თეირანს მისცემს, სანამ აშშ ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს. 

კომენტარები