რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ "ფლამინგოს" რაკეტებით რუსეთში ქარხანაზე იერიში მიიტანეს

X via Kyiv Independent

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 21 თებერვლის ღამით რუსეთში, უდმურტეთის რესპუბლიკაში ვოტკინსკის მანქანათმშენებელი ქარხნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე უკრაინული წარმოების FP-5 ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს

გენშტაბი აღნიშნავს, რომ ვოტკინსკის ქარხანა აწარმოებს РС-24 Ярс-ის ტიპის კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებს  Искандер-М ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის, ზებგერით რაკეტებს Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური სისტემებისთვის და ЗМ-30 (Р-30) Булава-ს ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს 955А Борей-А ტიპის წყალქვეშა ნავებისთვის. 

ამასთან, უკრაინულმა არმიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნავთობის მარაგზე, დრონების საწარმოსა და ტექნიკის საწყობზე მიიტანა იერიში, პარალელურად კი რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე გაზგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

მანამდე, 20 თებერვალს Flamingo-ს რაკეტების მწარმოებელი კომპანიის, Firepoint-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, დენის შტილერმანმა Flamingo-ს ტიპის რაკეტის გაშვების ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით "უკონტექსტოდ, კონტექსტი მოგვიანებით". მოგვიანებით მან გენშტაბის შეტყობინება გააზიარა წარწერით "და აი კონტექსტიც". 

კომენტარები