ახალი პასპორტი

ტყუილია, თითქოს პასპორტის ხარვეზის გამო ათეულობით მოქალაქეს საზღვრიდან აბრუნებენ - PSDA

"აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს და მოქალაქეებს ამ მიზეზით გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ" - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ახალ პასპორტებში ხარვეზი აღმოჩნდა, რის გამოც ათობით მოქალაქე მოაბრუნეს საზღვრიდან. 

სააგენტოს განმარტებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებს სხვა უწყებებთან ერთად იკვლევენ და როგორც აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის ზომებს.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამუშაო პროცესის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს მის მიერ გაცემული დოკუმენტების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში, ან შემდგომ ეტაპზე გამოიკვეთება რაიმე სახის საჭიროება, სააგენტო ინდივიდუალურად უკავშირდება თითოეულ მოქალაქეს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც დოკუმენტების სიზუსტე და უსაფრთხოება, ისე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.

მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს, სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება.

აღნიშნული პრაქტიკა სრულად შეესაბამება დოკუმენტების მართვისა და უსაფრთხოების დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის შემადგენელ ნაწილს. მოცემული მიდგომა მიზნად ისახავს სერვისის მიწოდების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის სანდო, მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევას." - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 20 თებერვალს, რადიო თავისუფლება წერდა, რომ მათ ვინც თებერვალში აიღეს ახალი პასპორტი, სააგენტოდან დაურეკეს და აცნობეს რომ დოკუმენტი შესაცვლელია, თუმცა არ განუმარტავთ კონკრეტულად რა წუნის გამო. 

კომენტარები