რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიიარტო: უკრაინის სესხს ვბლოკავთ, სანამ "დრუჟბას" მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტს ბლოკავს იქამდე, სანამ "დრუჟბას" მილსადენის საშუალებით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

"ჩვენ ვბლოკავთ უკრაინისთვის ევროკავშირის €90-მილიარდიან სასესხო პაკეტს იქამდე, სანამ უნგრეთში "დრუჟბას" მილსადენით ნავთობის მიწოდება არ აღდგება. 

უკრაინა ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან კოორდინაციით, ნავთობის ტრანზიტის შეჩერებით უნგრეთს აშანტაჟებს, რათა არჩევნებამდე საწვავის ფასი გაიზარდოს. 

"დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით უნგრეთში ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვით, უკრაინა ევროკავშირთნ ასოცირების შეთანხმებას არღვევს". - წერს სიიარტო X-ზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.

წყაროების მიხედვით, ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა 20 თებერვალს პროტესტი გამოთქვა ბლოკის მიერ უკრაინისთვის თანხის სესხებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება გარანტირებული. გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

27 იანვარს, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. ეს მილსადენი უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.

კომენტარები