ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ – ბურჭულაძე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქმეში თუ მისი ცოლისძმის ან სამინისტროს "ბრალეულობა გამოიკვეთება, არ აპირების ჯოხის სხვაზე გადატეხას და მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობასაც გაიზიარებს". ბურჭულაძემ ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა - მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

"მე სხვა მუხლი მაქვს წაყენებული, ჩემს ოჯახის წევრს და ჩემს ყოფილ მოადგილეს, სხვა მუხლი, მაგრამ არ მინდა ისე წარმოჩინდეს, რომ მხოლოდ ჩემი თავი წარმოვაჩინო. მინდა დაგანახოთ, სიმართლე როგორ იყო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირველი ამოცანა. რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ეს იყო ჩემი ცოლისძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ. არ ვაპირებ ჯოხის სხვაზე გადატეხას, მინდა იცოდეთ, რომ ორივე შემთხვევაში, ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, ჩემი ცოლისძმის თუ თანამშრომლების, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებ, სამართლებრივად შეიძლება მე შემეხოს, მაგრამ მორალურად პასუხისმგებლობას ყველა შემთხვევაში გავიზიარებ" - განაცხადა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე სუს-მა 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა - ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის საქმეები

2021 წლის 22 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე მეორედ გაპრემიერებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის ადგილმონაცვლედ, ანუ თავდაცვის მინისტრად, ჯუანშერ ბურჭულაძე დანიშნა. ბურჭულაძე თანამდებობას თითქმის 3 წლის განმავლობაში იკავებდა, კობახიძის კაბინეტში მისი ადგილი აღარ მოიძებნა და 2024 წლის 8 თებერვალს ირაკლი ჩიქოვანით ჩაანაცვლეს.

2025 წლის 27 ივლისს ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა. 

პროკურატურის ცნობით, 2023 წელს ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, ბურჭულაძის ცოლის ძმის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული ტომოგრაფის აპარატი თავდაცვის სამინისტრომ 3 940 000 ლარად იყიდა.
 
1-ელ აგვისტოს ბურჭულაძემ დაკავებებზე თქვა, რომ არ ჰგონია "საქმე პოლიტიკური იყოს" და მას ან ირაკლი ღარიბაშვილს ეხებოდეს.

 

ერთი თვის შემდეგ, 11 სექტემბერს იგივე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს - მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ვერსიით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი 1 333 728 ლარით ძვირად თავდაცვის სამინისტრომ ბურჭულაძის მითითებით შეისყიდა. 

უწყების ცნობით, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 

"ვინაიდან, ბურჭულაძესა და მის ცოლს ამ თანხის კანონიერი წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ ფულის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის ცოლსა და მესამე პირს შორის, წყნეთში მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. რეალურად კი, ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო. ამასთან, დამატებით გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. ბურჭულაძემ 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბურჭულაძის დაკავებას სამთავრობო TV იმედის ეთერში იმავე დღეს გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმით,  "ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ". 

ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა. ყოფილი მინისტრი ბრალს არ აღიარებს. 

"არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს... 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში" - თქვა მან სასამართლო პროცესზე. 

19 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი, ნუგზარ ცაბაურაშვილი და კიდევ 2 პირი დააკავეს. უაქციზო სიგარეტების საქმეში ასევე ფიგურირებს ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე. 

გამოძიების ცნობით, ვასილ მხეიძემ  2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში “მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში” აწარმოებდა უაქციზო თამბაქოს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები". - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ბურჭულაძის აღკვეთის ღონისძიება 8 დეკემბერს გადაისინჯა, ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს. პატიმრობაში რჩება ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეც. გიორგი ხაინდრავას 100 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა, ვლადიმერ ღაუდუშაურს კი 10 000-ის. 

კომენტარები