გამოცემა Agence France-Presse-ის ანალიზის მიხედვით, უკრაინამ 11-15 თებერვლის პერიოდში რუსი ოკუპანტებისგან 201 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა, რაც ბოლო ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალების ყველაზე სწრაფ წინსვლას წარმოადგენს.
AFP-ს ანალიზით, რომელიც ომის ომის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (ISW) მონაცემებს ეყრდნობა, უკრაინის მიერ გათავისუფლებული ტერიტორია თითქმის უტოლდება რუსი ოკუპანტების მიერ 2025 წლის დეკემბერში დაპყრობილ ჯამურ ტერიტორიას.
"ეს უკრაინული კონტრშეტევები, დიდი ალბათობით, ბერკეტად იყენებს ბოლო პერიოდში რუსული ძალებისთვის Starlink-ზე წვდომის შეზღუდვას, რაც რუსული სამხედრო ბლოგერების თქმით, ბრძოლის ველზე კომუნიკაციების, სარდლობისა და კონტროლის მხრივ პრობლემებს იწვევს." - წერია ISW-ს ანგარიშში.
მანამდე ზაპოროჟიეს ოლქში, ბრძოლის ველზე, უკრაინელების წინსვლა NATO-ს გავლენიანმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ წინსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსულმა დანაყოფებმა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა დაკარგეს.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის "უნებართვო გამოყენება" აღკვეთეს, მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა.
ხოლო ამ ნაბიჯის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა და ტექბლოგერმა, სერგეი ბრესკრესტნოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ Starlink-ზე კავშირის დაკარგვამ ფრონტის ზახხე რუსულ მხარეს "კატასტროფა" შეუქმნა, რის გამოც რუსეთის მხრიდან მრავალ მიმართულებაზე საიერიშო მოქმედებები შეჩერდა.
"მტერს ფრონტის ხაზებზე პრობლემა კი არა კატასტროფა შეექმნა. ჯარების ყველა სარდლობა ჩამოიშალა. საიერიშო ოპერაციები ბევრ მიმართულებაზე შეჩერდა." - წერდა ბრესკრესტნოვი 5 თებერვალს.
რუსეთის მხრიდან Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღკვეთის შემდეგ ფედოროვმა მასკსა და SpaceX-ის პრეზიდენტს, გვინ შოტველს სწრაფი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და მათ "უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი" და "თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი" უწოდა.
5 თებერვალს ფედოროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინაში მუშაობას ის ტერმინალები განაგრძობენ, რომლებზეც Spacex-მა ავტორიზაცია გასცა. ამასთან, Spacex-მა მოწყობილობების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ინსტრუქციებიც, რომელიც შემდგომ ილონ მასკმა X-ზე გადააზიარა და უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლებს მათი შესრულებისკენ მოუწოდა.





