ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Fox News-ს დაუდასტურა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის მაშინ, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯების გადადგმას განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ს კარიბის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა უკვე უბრძანა, სადაც აშშ-ს უკვე ჰყავს განლაგებული ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც რეგიონში ორი კვირის წინ ჩავიდა.
ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი მეორე ავიამზიდი, USS Ford, ხმელთაშუა ზღვიდან კარიბის ზღვის რეგიონში გასული წლის შემოდგომაზე გაგზავნეს, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო, რასაც მოგვიანებით ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაცია მოჰყვა.
პარალელურად, 12 თებერვალს ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების ვერ მიღწევა ირანისთვის "ძალზე ტრავმატული" იქნება. "ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ძალიან სწრაფად უნდა დათანხმდნენ," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს.
ამავრდოულად, 11 თებერვალს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მასთან ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილა.
შეხვედრის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მას ირანთან შეთანხმების დადება ურჩევნია.
"მე მოვითხოვე, რომ ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. თუ შესაძლებელია, პრემიერმინისტრს ვაცნობე, რომ ამას უპირატესობას მივანიჭებთ. თუ არ არის, უბრალოდ მოგვიწევს ვნახოთ, თუ რა იქნება შედეგი." - დაწერა ტრამპმა.
"ბოლოს, როცა ირანმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, შეთანხმება არ დაედოთ, მათ შუაღამის ურო დაატყდათ თავს - ეს მათთვის კარგად არ გამოვიდა. იმედია, ამჯერად ისინი უფრო გონივრულები და პასუხისმგებლობიანები იქნებიან." - დაამატა მან.





