ამერიკული სოციალური მედიის, WhatsApp-ის ანგარიშმა 11 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა იმ ფონზე, როცა კრემლი უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლს ამკაცრებს და საკუთარი "ეროვნული მესენჯერის" პოპულარიზაციას ცდილობს.
WhatsApp-ის წარმომადგენლის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, რომ მომხმარებლებმა "სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სათვალთვალო აპლიკაციის" გამოყენება დაიწყონ.
"ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა მომხმარებლებმა კავშირი შეინარჩუნონ." - განაცხადა WhatsApp-მა.
კომპანიის ცნობით, რუსეთში WhatsApp-ს 100 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, ხოლო Meta Platforms-ის მფლობელობაში არსებულ აღნიშნულ სოციალურ მედიას მსოფლიოში ყოველთვიურად 3 მილიარდამდე მომხმარებელი იყენებს.
უცხოური სოციალური მედიების შეზღუდვასთან ერთად რუსეთის ხელისუფლება MAX-ის პოპულარიზაციას ცდილობს, რამაც, კრიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა მომხმარებლების მეთვალყურეობას ხელი შეუწყოს.
მანამდე, 10 თებერვალს, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორმა) წვდომის შეზღუდვა Telegram-ზეც დაიწყო.
რუსეთში მესენჯერ აპლიკაციებზე შეზღუდვების დაწესების მცდელობები არაერთხელ ყოფილა. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთმა დროებით შეზღუდა Telegram-სა და WhatsApp-ზე ახალი რეგისტრაციები, მანამდე კი მომხმარებლები ჩიოდნენ აპლიკაციებზე წვდომის პრობლემებზე.
როსკომნადზორი ადრე აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვები “კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის” მიზნით შემოიღეს. WhatsApp-ის შემთხვევაში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აპლიკაცია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა.





