ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, იონათან ვსევიოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმმა ვლადიმირ პუტინის სისუსტე აჩვენა.
"რუსეთის ქმედებები სულ უფრო მეტად ხასიათდება ნერვიულობით, პანიკითა და სასოწარკვეთით," – აღნიშნა ვსევიოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (ERR) საუბრისას.
მისი შეფასებით, წლევანდელი აღლუმი მასშტაბებით მნიშვნელოვნად შემცირებული იყო და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაზე მიუთითებდა.
"არ ჰგავდა ძალის დემონსტრაციას. პირიქით, ეს უფრო რეჟიმის დაუცველობას უსვამდა ხაზს," - განაცხადა მან.
წელს მოსკოვის 9 მაისის აღლუმი ტანკებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა, რაც კრემლმა უსაფრთხოების მხრივ არსებული რისკებით ახსნა.
9 მაისის აღლუმამდე ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლს წითელ მოედანზე აღლუმის გამართვის ნება დართო.




