გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავება ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოკითხულია ასეულობით მოწმე და "თითოეულ ძალადობის ეპიზოდს, ათეულობით მოწმე ადასტურებს".
"ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნული იყო და მიღებული გვაქვს ფონო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ხმის და გამოსახულების იდენტიფიკაციას ნიშნავს, ამ ექსპერტიზის დასკვნებითაც ცალსახად დადგინდა, რომ ამ ვიდეოკადრებში სწორედ ის ბრალდებულები მონაწილეობენ, რომლების დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვასაც ცდილობენ მათი ოჯახის წევრები. [...]
ამ კადრებში, გარდა იმ ბრალდებულებისა, რომლის პროცესზეც დღეს შევიკრიბეთ, იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ასევე სხვა პირები, ამ პირთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხულნი, ნაწილი, სხვათა შორის, აღიარებს კიდეც ფაქტში მონაწილეობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ისინი ჯერჯერობით მოწმის სტატუსით არიან, თუმცა გამორიცხული არ არის ბრალდებულთა წრე გაიზარდოს". - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის 10 თებერვლის განცხადების თანახმად:
ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.
ახალგაზრდა მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის, ზემოთხსენებული დ.ჩ.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.





