ტრამპის საგარეო პოლიტიკა

Bloomberg: ვენესუელური ნავთობის შესყიდვა უფრო მეტმა ინდურმა ნავთობკომპანიამ დაიწყო

Abeer Khan/Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდურმა ნავთობკომპანიებმა, Indian Oil Corp.-მა და Hindustan Petroleum Corp.-მა ერთობლივად 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი შეისყიდეს, რაც ინდოეთის მიერ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვის მეორე შემთხვევაა.

მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელური ნავთობის ექსპორტზე გატანა გლობალურ სავაჭრო კომპანიებს, Vitol-სა და Trafigura-ს დაავალა, მას შემდეგ, რაც აშშ-მ იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადურო დააკავა და ვენესუელის ენერგო ინდუსტრიაზე კონტროლი დაამყარა. 

ცნობისთვის, ინდურმა კომპანია Reliance Industries-მა გასულ წელს სანქციებზე აშშ-ს მიერ მინიჭებული საშეღავათო ვადის ამოწურვის გამო ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტა.

თუმცა, ახლა ყურადღების ცენტრში ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა თებერვლის დასაწყისში დაწერა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერებას დათანხმდა.

პარალელურად, გამოცემა Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა ინდოელი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები აპრილში დაგეგმილი მიწოდებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას თავს არიდებენ.

გამოცემის შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა, ნიუ-დელის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების დადებაში დაეხმაროს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ ქარხნებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ რუსული ნავთობის გარკვეული რაოდენობის მიწოდება მარტში, სხვა გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობამ კი უკვე შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შეძენა.

კომენტარები