ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, ოთხი გავლენიანი რეფორმისტი პოლიტიკოსი ისლამური სისტემის დამხობის დაგეგმვის ეჭვზე დააკავეს.
რეჟიმთან აფილირებულმა ახალი ამბების სააგენტომ, Fars-მა დაწერა, რომ რეფორმისტული ფრონტის თავმჯდომარე, აზარ მანსური თავის სახლში 8 თებერვალს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ამერიკის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოჰსენ ამინზადეჰი და ვეტერანი პოლიტიკოსი, ებრაჰიმ ასღარზადეჰიც.
ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებული მეოთხე პირის იდენტობა არ გასაჯაროებულა. ამასთან, სამთავრობო მედიის ცნობით, სასამართლოში სხვა გავლენიანი ფიგურებიც დაიბარეს.
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, Fars-მა დაკავებულებს ბრალი დასდო "ეროვნული სოლიდარობის მიზანში ამოღებაში," კონსტიტუციის შეწინააღმდეგებაში, "მტრის პროპაგანდასთან" თანამშრომლობასა და "დანებების" წახალისებასთან ერთად ისლამური რეჟიმის "დამხობის ფარული მექანიზმების" ჩამოყალიბებაში.
გასული კვირის განმავლობაში ირანში ასევე დააკავეს რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკური აქტივისტებიც, რომლებიც კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდნენ.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა.
საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 6 961-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 51 000-ს აღემატება.





