თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტი ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა 7 თებერვალს, ირანთან მოლაპარაკებების გამართვიდან ერთი დღის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი ამერიკული ავიამზიდი მოინახულეს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ კუშნერი და უიტკოფი ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ადმირალმა ბრედ კუპერმა მიიწვია.
მაღალჩინოსნის თქმით, სტუმრობის მიზანი რეგიონში მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მადლიერების გამოხატვა იყო.
ვიზიტის შემდეგ უიტკოფმა X-ზე დაწერა, რომ კუშნერთან და კუპერთან ერთად "USS Abraham Lincoln-ის ბორტზე მყოფ მამაც მეზღვაურებსა და საზღვაო ქვეითებს" შეხვდა.
"ჩვენ მეზღვაურებსა და საზღვაო ქვეითებს მადლობა გადავუხადეთ, დავაკვირდით ფრენით ოპერაციებს და ველაპარაკეთ პილოტს, რომელმაც გაურკვეველი განზრახვით მოახლოებული ირანული დრონი ჩამოაგდო." - დაწერა უიტკოფმა, რაშიც მან 3 თებერვალს მომხდარი ინციდენტი იგულისხმა.
"მეამაყება იმ კაცებთან და ქალებთან დგომა, რომლებიც იცავენ ჩვენს ინტერესებს, აკავებენ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და მსოფლიოს აჩვენებენ, თუ როგორ გამოიყურება ამერიკული მზადყოფნა და სიმტკიცე." - დაამატა მან.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის ომანში შეხვედრა 6 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ გამოცემა Wall Street Journal-მა დაწერა, რომ მოლაპარაკებებზე ირანმა კვლავ უარი განაცხადა ბირთვული საწვავის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნაზე, თუმცა გამოხატა მზადყოფნა საკითხის დიპლომატიურად მოგვარების მიმართ, რითაც შესაძლებელი იქნება აშშ-ს დარტყმის თავიდან არიდება.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანთა მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" წარიმართა, თუმცა, ხამენეის რეჟიმს კვლავ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი "აშშ-სთან შეთანხმებას არ დადებენ".





