განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის შემდეგ ივანიშვილის პრემიერმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ მათ შესთავაზა, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო, რომელიც 2-2.5 წელიწადის განმავლობაში იმუშავებს ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესებზე, რის შემდეგაც დასრულდება რეორგანიზება.
"20-20 წარმომადგენელი ესწრებოდა თითოეული უნივერსიტეტიდან. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით, განათლების სისტემა და ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემა დგას გამოწვევების წინაშე. ყველა ვთანხმდებით, რომ რეფორმა აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია და განსახორციელებელია. ასევე ყველა ვთანხმდებით, რომ ის საკითხები, რაც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული, აუცილებლად გასატარებელია, რადგან მის შედეგს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ამ პროცესში მქონდა შესაძლებლობა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებზე და ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული შეთავაზება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები და მიიღო, ის უკვე ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ, ანუ ძალაში არის შესული. შესაბამისად, ერთ-ერთი ნორმა, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, მისი მოადგილეები, კანცლერი, ასევე მმართველ ორგანოდ ხდება დროებითი საბჭოს ჩამოყალიბება. ორივე უნივერსიტეტიდან უნდა მოხდეს საბჭოს თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტება და გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს ეს საბჭო და წარადგინონ კანდიდატები. თუმცა, ამ საკითხების გადაწყვეტა - ეს არის პროგრამების დადარება, ადამიანური რესურსის გადანაწილება და უამრავი სხვა საკითხი, რაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული - განხორციელდეს თუნდაც 2-2.5 წლის განმავლობაში". - თქვა მიქანაძემ.
მიქანაძის ინფორმაციით, პროფესორებმა, დროებითი მმართველი საბჭოს ნაცვლად, სამუშაო ჯგუფის შექმნის სურვილი გამოთქვეს, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე იმსჯელებს.
"[...] ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ამის მაგივრად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჯერ ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს და შემდგომში გადაწყვეტილებას რასაც მიიღებს ამის მიხედვით განვახორციელოთ შემდგომი ნაბიჯები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი. ჩემი მხრიდან, გაკეთდა თხოვნა, რომ ორივე უნივერსიტეტი დაფიქრდეს იმ კონკრეტულ შეთავაზებაზე, გააანალიზოს ის მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმის განხორციელებასთან და მიზანშეწონილობაზე, ამაზე იმსჯელოს და პარალელურად, ვუთხარი, რომ ჩვენს გუნდში კიდევ შევაჯერებთ, რა შეიძლება ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებას კიდევ შევთავაზოთ. [...] ერთადაერთი ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ გუნდში მათ პოზიციებს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ, ვიმსჯელებთ ამის თაობაზე და გვექნება გეგმა, კიდევ რა შეიძლება ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას შევთავაზოთ". - თქვა მიქანაძემ.
განათლების სამინისტროში შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გრძლედებოდა. გივი მიქანაძის ცნობით, დიალოგის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე 29 იავარს განაცხადა.
მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს".





